"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ განმტკიცებას და იმას, რასაც ჩვენი ხალხი ელოდება," - ამის შესახებ რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალუ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, შეხვედრაზე მათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ისაუბრეს, ასევე უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები განიხილეს.
"ჩვენ ერთად განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მომავალი და აღდგენის პროცესში შესაძლო დახმარების საკითხები.
მადლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის, რომელიც სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას აჩვენებს.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია და ყოველთვის ასე იქნება",-წერს რადას თავმჯდომარე Facebook-ზე.
ქართულმა დელეგაციამ კიევში ჩაიტანა შემდეგი გზავნილი: ჩვენ ვგრძნობთ თქვენს მწუხარებას. პაპუაშვილის თქმით, ქართველი ხალხი დგას უკრაინელების გვერდით.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კიევში იმყოფება.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში 9 დეპუტატი შედის: უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.