ირაკლი ღარიბაშვილმა ფარმაცევტული კომპანია PSP-ს ონკოლოგიური წამლების 200-300%-იანი ფასნამატით რეალიზებაში პარლამენტის ტრიბუნიდან დაადანაშაულა და PSP-ს დამფუძნებელს კახა ოქრიაშვილს „დესტრუქციული ძალის წარმომადგენელი“ უწოდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ფასნამატების შემთხვევებზე სახელმწიფოს ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება.
„წამლების ფასები, რომელიც იყო გამოწვევა ჩვენი მოსახლეობისთვის, 60 %-დან 80 %-მდე შემცირდა წამლების ფასები მას შემდეგ, რაც ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი. ამით 200 მლნ ლარის ეკონომია გააკეთა და დაზოგა ჩვენმა ხალხმა. რეფერენტული ფასები დავაწესეთ,
აქვე მინდა გამოვეხმაურო ამ დესტრუქციული ძალის ერთ-ერთ წარმომადგენელს, კახა ოქრიაშვილის კომპანია PSP-ს, რომელმაც თქვენ ნახეთ, რომ ორი დღის წინ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ორას-სამას პროცენტიანი ფასნამატები გააკეთეს, რაც რა თქმა უნდა არ დარჩება რეაგირების გარეშე, დაუყოვნებლივ მოხდება ამაზე რეაგირება და ძალიან მკაცრი შედეგები დაიდება,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.