„ეს კანონი საქართველოს დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად, ამიტომ რუსებმა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს დესტაბილიზაცია და ქვეყნის დასავლური კურსის ჩრდილოეთის მიმართულებით შეცვლა დაავალეს“ - ასე გამოეხმაურა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი „კომერსანტთან“ საუბრისას ე.წ. „აგენტების რუსულ კანონს“. მისი თქმით აშკარაა, რომ საქართველო ევროკავშირს მალე არ შეუერთდება, მაგრამ შეუერთდება რუსეთს იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში დარჩება.
„ეს არის კანონი, რომელიც იწვევს საქართველოს დესტაბილიზაციას და საქართველოს კურსს დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ შეცვლის. ამით მათ შეუძლიათ, რომ ვისაც დასავლური კურსი აქვს, აგენტობაში დასდონ ბრალი.
რაც შეეხება არგუმენტს, რომ ეს არის ამერიკული კანონი, მე ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები, ამერიკის კანონში არასამთავრობო სექტორი ნახსენები არ არის და ისინი ამ კანონის ნაწილი არ არიან.
ეს კანონპროექტი არის ნაწილობრივი ნაბიჯი რუსეთისკენ მიერთებისა, ეს ერთი, ხოლო მეორე საკითხი არის ის, რომ იმ ადამიანების განათლების და ინტელექტის დონე, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ საქართველოს პარლამენტში წარმოადგენენ, ძალიან დაბალია, შესაბამისად, ისინი ამერიკული კანონის შინაარსს ვერც კი გაიგებდნენ, მათ უბრალოდ აიღეს ამერიკული კანონი და google translate-ით თარგმნეს და ამბობენ, რომ ეს ამერიკულია. ნათელია, რომ ეს არ არის ამერიკული კანონი,“ - აღნიშნა ფადი ასლიმ.