ხელოვნური ინტელექტის განვითარების შეჩერების მოწოდებები პრობლემებს არ გადაჭრის, ამის შესახებ, მკვლევრების ღია წერილზე კომენტირებისას, Microsoft-ის თანადამფუძნებელმა ბილ გეიტსმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
მილიარდერის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ექვსთვიანი პაუზა გლობალური ხელოვნური ინტელექტის განვითარების ბაზარს დაეხმარება. მას მიაჩნია, რომ შეჩერების ნაცვლად, აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, თუ როგორ უნდა მიიღოთ მეტი სარგებელი AI-სგან.
„ნამდვილად არ მესმის, ვინ უნდა შეაჩეროს მისი განვითარება, რატომ და მზად არის თუ არა ამისთვის მსოფლიოს ყველა ქვეყანა. მაგრამ რამდენი ადამიანიცაა, იმდენი მოსაზრებაა“, - განაცხადა გეიტსმა.
Microsoft მრავალი წელია მუშაობს OpenAI-თან, GPT-ისა და ChatGPT chatbot-ის შემქმნელთან. გეიტსის თქმით, ხელოვნური ინტელექტი ისეთივე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიაა, როგორც ინტერნეტი, კომპიუტერები და სმარტფონები.
შეგახსენებთ, რომ 1 კვირის წინ, 1000-ზე მეტმა მეცნიერმა და ტექნოლოგმა, მათ შორის ილონ მასკმა, ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ხელოვნური ინტელექტის ყველა ლაბორატორიას GPT-4-ზე უფრო მძლავრ AI სისტემებზე მუშაობის, მინიმუმ 6 თვით, შეჩერებას მოითხოვდნენ.