ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი გამოწვევა სასამართლოს კლანური მმართველობაა. არასამართლიანი სასამართლო არის იმის ხელისშემშლელი, რომ უცხოური ინვესტიციები შემოვიდეს, — ამის შესახებ „კომერსანტთან“ ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროინტეგრაციასთან მიმართებით, მთავრობისგან საშიში ქმედებები და ნაბიჯები იდგმება, გარდა ამისა ანტიევროპული კამპანია დიდი ხნის დაწყებულია.
„იმედი მაქვს, ბოლოდროინდელი მოვლენები და ხალხის გამოსვლები ევროინტეგრაციის პროცესზე დადებითად აისახება. ნაბიჯები აქტიურად უნდა გადავდგათ ევროპისკენ, რაც თავისთავად ჩვენთვის გადადგმული ნაბიჯები იქნება. შესაბამისად ამ ყველაფერში იგულისხმება სამართლიანი სასამართლო, ადამიანის უფლებების მაღალ რანგში აყვანა. თუ ამ ყველაფერს მივაღწევთ, უკეთესი ქვეყანა ვიქნებით, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს”, - აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.