ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა შეათანხმეს გადაწყვეტილება – არ აღიარონ რუსული დოკუმენტები, რომლებიც კრემლის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებზე, ასევე ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთშია გაცემული.
„ეს გადაწყვეტილება პასუხია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაუსაბუთებელ და არაპროვოცირებულ აგრესიაზე და ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისათვის რუსული პასპორტების დარიგების პრაქტიკაზე. ეს ასევე ეხება რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სუბიექტებად ცალმხრივად გამოცხადებაზე.
რუსული პასპორტები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოში ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზეა გაცემული, ბათილად იქნება ცნობილი, თუ მათი მფლობელი შეეცდება შენგენის ვიზის მიღებას, ან საზღვრის გადაკვეთას“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ბრიუსელში ამბობენ, რომ რუსეთის მიერ ამ რეგიონებში გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები უკვე ბათილად არის ცნობილი, ან გაბათილების პროცედურას გადიან.
„ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ უკრაინისა და საქართველოს ძირითადი უფლებების – დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. ევროკავშირი ერთიანია და მტკიცედ უჭერს მხარს ორივე ქვეყანას და მათ ხალხებს“, – განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუშანმა.
წყარო: gbc.ge