თბილისში 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივი მოვლენები ევროპარლამენტარებმა ერთობლივ განცხადებაში შეაფასეს და საქართველოს ხელისუფლებას და საპატრიარქოს ჰომოფობების წინააღმდეგ უმოქმედობის გამო აკრიტიკებენ. პარლამენტარები LGBTQ+ პირების უფლებების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
„ჩვენ ძლიერ ვგმობთ თბილისში სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე გუშინდელ ძალადობრივ თავდასხმებს, რომელმაც, სამწუხაროდ, LGBTQ+ პრაიდს მარშის გაუქმება აიძულა.
სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ და რელიგიურმა წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს ხმამაღლა და ცხადად ელაპარაკათ პრაიდის მარშის წინ არსებული ჰომოფობიური რიტორიკის წინააღმდეგ. ვგმობთ საქართველოს მთავრობის მოუმზადებლობას, შეექმნათ უსაფრთხოების გარანტია ტოლერანტობისთვის მიძღვნილი შეკრებისთვის. როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეს, LGBTQ+ პირებს უნდა შეეძლოთ კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობა, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრება“, - ნათქვამია ევროპარალმენტარების მიერ გავრცელებულ განცხდებაში.
ევროპარლამენტარები, ასევე, საქართველოს ხელისუფლებას ახსენებენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას დემოკრატიის გარანტორი ინსტიტუციების სტაბილურობა უნდა გააჩნდეს.
„საქართველოს მთავრობა სიტყვიერად გამოხატავდა საკუთარ ზრახვებს 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის ფორმალურ წარდგენაზე. ამიტომ, გვსურს მათ შევახსენოთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობებით, ასევე ცნობილი, როგორც კოპენჰაგენის კრიტერიუმი, კანდიდატ ქვეყანას უნდა ჰქონდეს დემოკრატიის გარანტორი ინსტიტუციების სტაბილურობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების პატივისცემა და დაცვა.
ჩვენ საქართველოს მთავრობისგან ველით, რომ ზემოხსენებულ თავდასხმებში დამნაშავეებს დააკავებენ და გაასამართლებენ კანონთან სრული შესაბამისობით“, - ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.
tvpirveli.ge