ევროპულმა პარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, საქართველოს შემთხევვაში კი — „ევროპულ პერსპექტივას“.
როგორც ცნობილია17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. ევროკომისიის რეკომენდაციებს თან ახლავს სამივე ქვეყნის მიერ შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი.
დღევანდელი გადაწყვეტილებით, ევროპარლამენტი იზიარებს ევროკომისიის 17 ივნისის გადაწყვეტილებას. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ევროკომისიის მიერ 2022 წლის 17 ივნისს გაცემული რეკომენდაციები, რის შემდეგაც მასაც მიეცემა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი იწვევს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხელისუფლებას, ცალსახად წარმოაჩინონ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება და განახორციელონ მათი ხალხის ევროპული ამბიციები, დააჩქარონ რეფორმები, რათა ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმები რაც შეიძლება სწრაფად დააკამაყოფილონ.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში ცხოვრებას, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან, და მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, გადადგას მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი ამ სამი ქვეყნის მოქალაქეეების ლეგიტიმური მისწრაფებების შესასრულებად.
რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს, რომელიც როგორც არასდროს გეოსტრატეგიული ინვესტიციაა სტაბილურ, ძლიერ და ერთიან ევროკავშირში.
რეზოლუციის მიხედვით, ევროკავშირის სრული წევრობის პერსპექტივა, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან, გახდნენ კავშირის წევრები, არის ევროკავშირის პოლიტიკურ, ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესებში.
რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირის ლიდერებმა უნდა შეასრულონ ისტორიული პასუხისმგებლობა და პოლიტიკური სიგნალი მისცენ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, მათი ევროპული პერსპექტივის დადასტურებით.
საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ ბრიუსელში, სამიტზე, რომელიც ხვალ, 24 ივნისს დასრულდება.