ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ლიდერთა შეხვედრაზე საქართველო ოფიციალურად მიიწვიეს. ლიდერთა შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის ლიდერთა სამიტამდე გაიმართება, მოსაწვევი დამატებით 17 ქვეყანას გაეგზავნა და მათ შორისაა საქართველოც.
როგორც trt.net.tr წერს, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ლიდერების პირველი შეხვედრა, ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარე ქვეყნის ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში 6-7 ოქტომბერს გასამართი ევროკავშირის ლიდერთა სამიტამდე ჩატარდება.
შეხვედრაზე ევროკავშირის 27 წევრის გარდა, 17 ქვეყანაა მოწვეული.
ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 6 ოქტომბერს დაგეგმილი შეხვედრისთვის მიწვევები ევროკავშირის წევრების გარდა სხვა ქვეყნებსაც გაეგზავნა.
მოსაწვევ წერილებს ხელი მოაწერეს ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარე ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ.
საქართველოს გარდა მოსაწვევები გაეგზავნა თურქეთს, ალბანეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ისლანდიას, კოსოვოს, ლიხტენშტეინს, მოლდოვას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ნორვეგიას, სერბეთს, შვეიცარიას, უკრაინასა და ინგლისს.
ევროკავშირის ხელისუფლება მიზნად ისახავს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების, ევროპის კონტინენტის ქვეყნების პოლიტიკური კოორდინაციისთვის პლატფორმის შექმნას.
ის მიზნად ისახავს ასევე პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერებით საერთო ინტერესების განხილვას და ამით ევროპის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გაზრდას.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ ის არ იქნება ევროკავშირის ალტერნატივა და არ გახდება ახალი საერთაშორისო ორგანიზაცია და ევროპის პოლიტიკურ გაერთიანებას სთხოვენ შეიკრიბოს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ლიდერების დონეზე.