„ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებული კანონპროექტი, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტებს“ ეხება და საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს, ე.წ. დასმენის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.
უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილი იქნება, ნებისმიერ დროს განახორციელოს საკითხის სათანადო კვლევა და შესწავლა – მონიტორინგი.
მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება:
იუსტიციის
სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება;
იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას.
მონიტორინგის განხორციელების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება ექნება, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი.
ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება დასაშვები იქნება 6 თვეში მხოლოდ ერთხელ.
კანონპროექტის თანახმად ნებისმიერი მედიასაშუალება თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა“, „უცხოური გავლენის აგენტად“ უნდა დარეგისტრირდეს.
ხოლო „უცხოურ ძალად“ კანონპროექტის მიხედვით, მიიჩნევა უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი, ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ან/და ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.