სააკაშვილის გაფრთხილება მსოფლიომ ყურად არ იღო, რის შედეგსაც დღეს ვიმკით - წერს ამერიკული გამოცემა Foxnews, რომელიც პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადვოკატის მეშვეობით დაუკავშირდა.
გამოცემა 14 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს, იმას თუ როგორ შეიჭრა რუსული არმია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე და როგორ მოახდინა მისი ორი რეგიონის ოკუპაცია.
ომის პერიოდს იხსენებს სააკაშვილიც. მისი თქმით როდესაც აშშ-ის ელჩს რუსეთში ნიკოლას ბერნსს უთხრა რომ რუსეთმა შესაძლოა ბირთვული იარაღიც გამოიყენოს მას როგორც გიჟს ისე შეხედეს, დღეს კი მისი სიტყვები მართლდება.
საქართველოში შემოჭრიდან 6 წლის შემდეგ, 2014 წლის თებერვალში რუსეთმა თოფის გაუსროლელად ყირიმის ანექსია მოახდინა, გამოუცხადებელ ომ აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილის ოკუპაცია მოჰყვა, რასაც 13 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 2022 წლის 21 თებერვალს პუტინმა მის მიერვე ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს გამთენიისას კი სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსულმა საოკუპაციო არმიამ უკრაინის საზღვარი ბელარუსის მხრიდანაც გადაკვეთა. ამ დროისთვის რაკეტები დონეცკისა და ლუგანსკის გარდა ოდესაში, კიევში, ხარკოვსა და სხვა დიდ ქალაქებში ცვივა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 6 რუსული ბომბდამშენის ჩამოგდება შეძლეს.