ფუნდამენტური დემოკრატიული მოვალეობაა, რომ მიღებულ იქნას არჩევნების შედეგები და მუშაობა გაგრძელდეს დემოკრატიული პროცესის ფარგლებში,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ეუთო/ოდირისა და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასების წარმოდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ არის გარკვეული სისუსტეები საარჩევნო პროცესში, რაც ცალსახაა, რომ უნდა აღმოიფხვრას და ამ მიმართულებით არსებული ნებისმიერი საჩივარი შესაბამისად უნდა იყოს განხილული.
„საერთაშორისო დამკვირვებლებმა უკვე წარმოადგინეს თავისი შეფასება ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. მათ წარმოადგინეს ძალიან დეტალური, დიფერენცირებული და დაბალანსებული შეფასება, სადაც მათ დანახული აქვთ როგორც დადებითი მხარეები და გაუმჯობესება, ასევე ხაზგასმულია ჯერ კიდევ არსებული სისუსტეები. ცალსახაა, რომ ეს სისუსტეები უნდა იყოს აღმოფხვრილი და ნებისმიერი საჩივარი უნდა იქნეს განხილული შესაბამისად. ფუნდამენტური დემოკრატიული მოვალეობაა, რომ მიღებულ იქნას არჩევნების შედეგები და მუშაობა გაგრძელდეს დემოკრატიული პროცესის ფარგლებში. ასევე, მინდა მივულოცო ყველას, ვინც აირჩიეს მერის თანამდებობაზე და ასევე საკრებულოში, ვუსურვებ მათ წარმატებას, რათა გააუმჯობესონ და გააძლიერონ ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ იმუშაოს ყველა მუნიციპალიტეტთან აქტიურად საერთაშირისო პარტნიორების ჩართულობით“,- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.
რაც შეეხება სისუსტეებს, გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის, შეფასებით, ის მოიცავს ძლიერ პოლარიზაციას, რომელიც არ პასუხობს კარგ დემოკრატიულ სულისკვეთებას.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავად არჩევნების დღე კარგად იყო ადმინისტრირებული, მაინც იყო ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები და კონკრეტული ინციდენტები, რაც დაძლეულ უნდა იქნას.
„დამკვირვებლებმა თავის ანგარიშში ასახეს რამდენიმე მაგალითი - არ არის ბალანსი რესურსების მიმართულებით, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. თავად არჩევნების დღე კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ იყო კონკრეტული ინციდენტები, ზეწოლა ამომრჩეველზე - ეს არის გარკვეულწილად კულტურის ნაწილი, რომელიც არსებობს საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით და ვიმედოვნებ, რომ ამის დაძლევა მოხდება. მე ვხედავ გარკვეულ პროგრესს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.