გაერო დსთ-სა და საქართველოში ეკონომიკური ზრდის შემცირებას პროგნოზირებს, თუმცა მოსალოდნელზე ნაკლები მაჩვენებლით.
ანგარიშის მიხედვით, დსთ-სა და საქართველოს მშპ-ის 2022 წლის მაჩვენებლები 2023 წელს 3,3%-ით შემცირდება, 2023 წელს რეგიონის მშპ კიდევ 1%-ით დაიკლებს. ხოლო 2024 წელს - 2,3%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.
გლობალურად, გაერო ეკონომიკური ზრდის შენელებას 2022 წელს 3%-დან 2023 წელს 1,9%-მდე ელის, რაც ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ნელი ზრდის ტემპია.
არასახარბიელო პროგნოზების მიზეზად პანდემია, სიტუაცია უკრაინაში, სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი, ინფლაციის მკვეთრი ზრდა და კლიმატის საგანგებო მდგომარეობაა დასახელებული.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობის პროგნოზებს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, ხოლო ნომინალური მშპ 79 მლრდ 685 მლნ ლარს შეადგენს.
მთავრობასთან შედარებით ეკონომიკური ზრდის უფრო პესიმისტური პროგნოზი აქვს ეროვნულ ბანკს. სებ-ი მომდევნო წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-იან ზრდას პროგნოზირებს. რაც შეეხება სხვა მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, ეროვნული ბანკი მოელის, რომ მომდევნო წელს რეფინანსირების განაკვეთი, რაც ამჟამად 11%-ზეა, 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდება, ხოლო ინფლაცია საშუალოდ 5.3% იქნება.