16 მარტს მოსკოვში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევისა და და რუსეთის პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართა. ეს იყო გაგლოევის პირველი შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან. პუტინი გაგლოევს შეჰპირდა, რომ რუსეთი გააგრძელებს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტასა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში მხარდაჭერას.
თავის მხრივ, გაგლოევმა რუსეთს სამხრეთ ოსეთის მთავარი მოკავშირე უწოდა და აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის განვითარების ერთადერთი ვექტორი რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციაა. გაგლოევის თქმით, ოსი ხალხი რუსეთის ხელმძღვანელობის მიმართ ყოველთვის მადლიერი იქნება გადარჩენისა და დამოუკიდებლობის აღიარებისთვის.
„წელს ჩვენ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მე-15 წლისთავს აღვნიშნავთ, ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა მოგიწვიოთ სამხრეთ ოსეთში ყველაზე საპატიო სტუმრად,“ - მიმართა გაგლოევმა ვლადიმერ პუტინს.