წინასაარჩევნო გამოკითხვების და ეგზიტპოლების ისტორია – ცდომილებები და თანხვედრები ოფიციალურ შედეგებთან

წინასაარჩევნო გამოკითხვების და ეგზიტპოლების ისტორია – ცდომილებები და თანხვედრები ოფიციალურ შედეგებთან

access_time2021-09-29 10:00:28

XXI საუკუნეში საქართველოში არჩევნებს ყოველთვის წინასწარი გამოკითხვები და ეგზიტპოლები ახლდა თან. ზოგ შემთხვევაში ის საბოლოო შედეგზეც ახდენდა გავლენას, ვარდების რევოლუციის დროს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ ერთ-ერთ არგუმენტად პარალელური დათვლა სახელდებოდა, 2012 წლის არჩევნებზე კი NDI-ს გამოკითხვები საყოველთაო დაცინვის მიზეზი გახდა.



2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებზე, ეგზიტპოლების მიხედვით ნაციონალურ მოძრაობას ხმათა 20.8% ჰქონდა აღებული და პირველ ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო სახელისუფლებო ბლოკ „ახალი საქართველოსთვის“ 12.9%-იანი მხარდაჭერა გააჩნდა. სურათი მსგავსი იყო ISFED-ის პარალელური დათვლის შემთხვევაშიც, სადაც გამოკითხულთა 26.3%-მა განაცხადა რომ ხმა ნაციონალურ მოძრაობას მისცა, 18.9%-მა სახელისუფლებო ბლოკს. 20 ნოემბერს გამოცხადებული ოფიციალური შედეგებით კი 21.3%-ით პირველ ადგილს სახელისუფლებო ბლოკი იკავებდა, 18.9%-ით მეორე ადგილზე ასლან აბაშიძის აღორძინება იყო, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას 18.8% ჰქონდა აღებული და მესამე ადგილზე იმყოფებოდა.



ვარდების რევოლუციამ ყველაფერი შეცვალა. 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოკითხვებმა აზრი დაკარგა, რადგან ისედაც ყველაფერი ცნობილი იყო.



ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2012 წლამდე წინასწარ გამოკითხვებშიც და ეგზიტპოლებშიც მუდმივად სახელისუფლებო პარტია ლიდერობდა, სადაც ხშირად უფრო მეტ მხარდაჭერას იღებდა, ვიდრე ცესკოს შემაჯამებელ ოქმში. იმდროინდელი ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ ადამიანებს გულწრფელობის ეშინოდათ და იმ ადამიანების ნაწილი, რომლებმაც ხმა რომელიმე ოპოზიციურ პარტიას მისცა, ინტერვიუერს ტყუილს ეუბნებოდა, რომ 5-იანი შემოხაზა. გარდა ამისა, ოპოზიცია არც ცესკო-ს ენდობოდა და აცხადებდა, რომ წინასწარი გამოკითხვები გაყალბების შესამზადებლად ტარდებოდა.



2012 წლის სექტემბერში NDI-ის გამოკითხვით ნაციონალურ მოძრაობას მხარს 37% უჭერდა, ქართულ ოცნებას 12%. თუ იმ პირების რაოდენობას, რომლებმაც პასუხისგან თავი შეიკავეს პროპორციულად გადავანაწილებდით დაახლოებით 75:25-ზე ვიღებდით. რეალურად ნაციონალურ მოძრაობას ხმა 40%-მა მისცა, ქართულ ოცნებას – 55%-მა. ცნობილი ციხის კადრები გამოკითხვის შემდეგ გამოქვეყნდა, რამაც საბოლოო შედეგებზე იქონია გავლენა, მაგრამ შეუძლებელია მისი გავლენა ისეთი ყოფილიყო, რომ 3:1 პროპორცია საპირისპიროდ შეეტრიალებინა. წინასწარი გამოკითხვებისგან განსხვავებით „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით ქართულ ოცნებას 50%-მა მისცა ხმა, ნაციონალურ მოძრაობას 41%-მა, რაც რეალურ შედეგებთან გაცილებით ახლოს იდგა. ეგზიტპოლი, თანაც ორი „მაესტროს“ დაკვეთითაც ჩატარდა. პირველში ქართულმა ოცნებამ 63% მიიღო, მეორეში 70%. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებული პარალელური დათვლით ქართულ ოცნებას 54.6% ერგო, ნაციონალურ მოძრაობას 40.7%.



2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა სიურპრიზების გარეშე ჩაიარა, 2014 წელს კი თვითმართველობის არჩევნებზე დავით ნარმანიას გამარჯვება გუნდმა ნაადრევად მიულოცა. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „ეი-სი-თის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით ნარმანიას 51% ჰქონდა აღებული. იმ დროს უფრო სანდო „რუსთავი 2-ის“ ეგზიტპოლი აღმოჩნდა, სადაც ნარმანიას 46%-იანი მხარდაჭერა გააჩნდა, რაც თითქმის ერთი-ერთში დაემთხვა ცესკოს მონაცემებს.



2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „რუსთავი 2“-ის დაკვეთით „ჯი-ეფ-კა“-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით ქართულმა ოცნებამ 39.9% აიღო და ნაციონალურმა მოძრაობამ 32.7%. „იმედის“ დაკვეთით „თი-ენ-ესის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით კი მმართველ პარტიას 53%-იანი მხარდაჭერა გააჩნდა, ნაციონალურ მოძრაობას 19%-იანი. ამ შემთხვევაში რეალობას ორივე ასცდა, რადგან ცესკოს ცნობით ქართულმა ოცნებამ 48.7% აიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ 27.1%.




2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლების შედეგების აცდენა ცესკო-ს ოქმთან ცდომილების დასაშვებ ზღვართან ახლოს იდგა. „რუსთავი 2“-ის დაკვეთის „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით კალაძეს ამომრჩეველთა 54%-მა დაუჭირა მხარი, უდუმაშვილს 16%-მა, ხოლო ელისაშვილს 15%-მა. იმედმა კვლევა „გორბს“ დაუკვეთა და რატომღაც 20:00 სთ-ის ნაცვლად 22:00 სთ-ზე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კალაძეს 53% უჭერდა მხარს, უდუმაშვილს 14%, ელისაშვილს ასევე 14%. რეალურად კალაძემ 51.1% აიღო, ელისაშვილმა 17.4% და უდუმაშვილმა 16.6%. ამ შემთხვევაში ეგზიტპოლების მთავარი აცდენა მეორე ადგილოსანს შეეხო. მეორე ადგილზე ცესკო-ს მონაცემებით ელისაშვილი გავიდა და არა უდუმაშვილი.



ეგზიტპოლებისგან განსხვავებით ძალიან უცნაური და რეალობას აცდენილი იყო „ედისონ რისერჩის“ გამოკითხვა, რომელიც 2018 წლის სექტემბერში საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩატარდა. გამოკითხვის მიხედვით გრიგოლ ვაშაძეს 22% აძლევდა ხმას, დავით ბაქრაძეს 18%, სალომე ზურაბიშვილს 15%, შალვა ნათელაშვილს 8%, დავით უსუფაშვილს 3% და ზურაბ ჯაფარიძეს 2%. ამ გამოკითხვის მიხედვით ბაქრაძის რეიტინგი ზურაბიშვილისას 1.2-ჯერ აღემატებოდა, ხოლო ნათელაშვილის რეიტინგი ჯაფარიძისას 4-ჯერ. რეალურად ზურაბიშვილმა 38.6% აიღო, ვაშაძემ 37.7%, ბაქრაძემ 11%, ნათელაშვილმა 3.7%, უსუფაშვილმა და ჯაფარიძემ თითოეულმა 2.26%. არჩევნები კრიტიკულად შეფასდა, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზურაბიშვილს ხმები წაუმატეს, მისი რეალური ხმების ოდენობა, ბაქრაძის ხმებთან შედარებით 3.5-ჯერ თუ არა 3-ჯერ მეტი მაინც გამოდის, აშკარა დისპროპორცია იკვეთება ნათელაშვილისა და ჯაფარიძის შემთხვევაშიც.



2018 წელს აცდენა მხოლოდ გამოკითხვებში არ ყოფილა. ქართული ოცნების დაკვეთით „ფსიქოპროექტის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით ზურაბიშვილმა 52% აიღო, ვაშაძემ 28%. ქართულ ოცნებაში გამარჯვება ისევ ნაადრევად იზეიმეს. გოგა ხაინდრავამ ზურაბიშვილს ყვავილებიც კი მიართვა, როგორც აღმოჩნდა – ნაადრევად.



წინასწარი გამოკითხვისგან განსხვავებით იმავე „ედისონ რისერჩის“ მიერ „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები რეალობასთან ახლოს დადგა. ეგზიტპოლის მიხედვით მთავარმა კანდიდატებმა 40-40 პროცენტიანი მხარდაჭერა მიიღეს.



მეორე ტურის წინ „ედისონ რისერჩმა“ ისევ არასწორი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 37% ვაშაძეს უჭერდა მხარს, 35% ზურაბიშვილს და ალოკაციის მეთოდით საბოლოო შედეგი 52:48-ზე უნდა ყოფილიყო ვაშაძის სასარგებლოდ, თუმცა იმავე კომპანიის ეგზიტპოლით ზურაბიშვილმა 55% აიღო, ვაშაძემ 45%, იმედის დაკვეთით „გელაპ ინტერნეიშენალის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით კი ხმები 58:42-ზე გადანაწილდა. ცესკოს ცნობით კი ზურაბიშვილმა 59.5% აიღო, ვაშაძემ 40.5%.



2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ედისონ რისერჩს“ გამოკითხვა უკვე „ფორმულამ“ დაუკვეთა. კვლევის მიხედვით, ქართულ ოცნებას მხარს 36% უჭერდა, ნაციონალურ მოძრაობას 17%, გამოკითხულთა 24% კი პასუხზე თავს არიდებდა. „მთავარი არხის“ დაკვეთით „იპსოსის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით კი ქართულ ოცნებას გამოკითხულთა მხოლოდ 23% უჭერდა მხარს, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას 18%. კვლევის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ალოკაციის მეთოდის გამოყენებით ქართული ოცნების რეალური რეიტინგი 40% იყო, ნაციონალური მოძრაობის კი - 33%. „რუსთავი 2“-ის დაკვეთით Suravation-ის კვლევაში ქართულ ოცნებას 55%-იანი მხარდაჭერა გააჩნდა, ნაციონალურ მოძრაობას 22%-იანი. „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ შესრულებული კვლევის მიხედვით კი ქართულ ოცნებას 56% უჭერდა მხარს, ნაციონალურ მოძრაობას – 20%.



ამ ოთხმა ტელეკომპანიამ იმავე კვლევით ორგანიზაციებს ეგზიტპოლებიც დაუკვეთა. გამოკითხვების მსგავსად ეგზიტპოლებიც განსხვავებული შედეგების მქონე აღმოჩნდა, კერძოდ: “ფორმულას“ ცნობით, ქართულმა ოცნებამ 46% აიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ 28%, „მთავარი არხის“ მტკიცებით ქართულმა ოცნებამ 41% და ნაციონალურმა მოძრაობამ 33%. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით ქართულმა ოცნებამ 52% და ნაციონალურმა მოძრაობამ 25%, „იმედის“ მიერ გაჟღერებული ინფორმაციით კი ქართულმა ოცნებამ 55% და ნაციონალურმა მოძრაობამ 23%. იმედი ამტკიცებდა, რომ მმართველ პარტიას ნაციონალურ მოძრაობასთან შედარებით 2.4-ჯერ მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, მთავარ არხს კი სხვაობა მინიმუმამდე ჰქონდა დაყვანილი. რეალობასთან ყველაზე ახლოს ფორმულას კვლევა აღმოჩნდა. ცესკოს ცნობით ქართულმა ოცნებამ 48.2% აიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ 27.2%. ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასება საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ნაკლებად მკაცრი იყო და მათ ტოტალური გაყალბების ფაქტები არ დაუფიქსირებიათ.



2 ოქტომბრის არჩევნების ეგზიტპოლი იმავე საღამოს 20:00 სთ-ზე გახდება ცნობილი, იქამდე კი ორმა ტელეკომპანიამ გამოკითხვების შედეგები გაასაჯაროვა. „მთავარი არხის“ დაკვეთით „იპსოსის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით კახა კალაძეს 36% უჭერს მხარს, ნიკა მელიას 31%. „ფორმულას“ დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით კი კალაძეს 43% უჭერს მხარს, მელიას 30%. მთავარი არხის ინფორმაციით სხვაობა 2 კანდიდატს შორის მხოლოდ 5 პროცენტია, ფორმულის ინფორმაციით კი 13%.



ტელევიზიები ყოველთვის აცხადებენ, რომ ისინი კვლევას მხოლოდ უკვეთავენ და შედეგებს არ ცვლიან, თუმცა ამის მიუხედავად ყოველთვის პროსახელისუფლებო არხებზე ცდომილება მმართველი პარტიისა თუ კანდიდატის სასარგებლოდაა, ოპოზიციურად განწყობილ არხებზე კი პირიქით. რაც უფრო მეტადაა ამა თუ იმ არხის პოლიტიკური პოზიცია გამოკვეთილი, მით მეტია ცდომილებაც. ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც და ასეა ახლაც.



არც წინასწარი გამოკითხვები და არც ეგზიტპოლები ყოველთვის ზუსტ შედეგს არ იძლევა, თუმცა, როგორც წესი, რეალობასთან ეგზიტპოლები უფრო ახლოს დგას ხოლმე.



გამოკითხვებსა და რეალობას შორის აცდენა მხოლოდ საქართველოში არ ხდება. ყველა კვლევით, ყველა გამოკითხვით, 2016 წელს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი ჰილარი კლინტონი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ტრამპმა გაიმარჯვა.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up