დღეს მმართველმა პარტიამ ე.წ. აგენტების კანონის გაწვევის შესახებ გააკეთა განცხადება. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც მოუწია განმარტების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის განცხადების ის ნაწილი, სადაც ისინი აგენტების კანონთან დაკავშირებით საზოგადოებასთან შეხვედრას აანონსებენ.
როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანონპროექტი არ ჩავარდება, ან იმას, რომ მმართველი პარტია მასზე უარს არ ამბობს.
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანონპროექტი ან გაწვეული არაა, ან უარს არ ვამბობთ მასზე. ერთი ადამიანის აღქმაშიც რომ დარჩეს, რომ ეს შეიძლება რუსულ საქმეს ემსახურებოდა, მას უნდა ავუხსნათ სინამდვილეში რა ეწერა. იმიტომ რომ ამის გამპროტესტებელი ადამიანების თითქმის 100%-ს კანონი წაკითხულიც არ ჰქონდა. იმდენად გამჯდარი ჰქონდა თავში ცრუ ნარატივი,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.