"ძალიან ამორალური საქციელია, სწორედ თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და ამით მანიპულირება"- ასე მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიკვდილით "სპეკულირებს სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი".
მისივე თქმით, მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ ჟურნალისტებს "თავისუფლად მუშაობის და გადაადგილების საშუალება" ჰქონდეთ და ქვეყანაში მედია თავისუფელება "აბსოლუტურად გარანტირებულია".
"იმას რასაც ვუყურებთ ბოლო დღეების განმავლობაში. რაღაც აჟიოტაჟი, რომელიც ატეხილია ჩვენს საზოგადოებაში, არის აბსოლუტურად მიუღებელი. მე მინდა, ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, რომ ხალხი ამას ძალიან კარგად ხედავს, თუ ვინ დგას სიმართლის მხარეს. რაც ხდება ბოლო დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური აქცია, პოლიტიკური აქტი. სამწუხაროდ, მე კიდევ ერთხელ მინდა თქვენ ყველას [მედიას] თქვენი კოლეგის გარდაცვალება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ყველასთვის. მაგრამ ძალიან ამორალური საქციელია, სწორედ თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და ამით მანიპულირება".- ამბობს ღარიბაშვილი.