უარს თუ ვიტყვით ქვეყნის ევროპულ მომავალზე, მარტო დავრჩებით დღევანდელი რუსეთის წინაშე- ასე ეხმაურება რუსულ კანონს ქართული ოცნების მთავრობის ყოფილი გარემოს დაცვის მინისტრი და ყოფილი ელჩი გერმანიაში, ელგუჯა ხოკრიშვილი.
მისი თქმით, გაურკვეველი კანონპროექტი და ქმედებები ღია დაპირისპირებაა საქართველოს პარტნიორებთან:
გასულ წელს რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინელი ხალხის სამაგალითო ბრძოლამ დამოუკიდებლობისთვის, ფუნდამენტურად შეცვალა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რამაც გააჩინა შანსი, დაუახლოვდეთ ჩვენ ისტორიულ მიზანს, გავხდეთ ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, რაც არის ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების გარანტია.
ჯერ კიდევ გასულ წელს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება გადავადებულიყო. დღეს ეს გაურკვეველი კანონპროექტი და ქმედებები ღია დაპირისპირებაა ჩვენს მეგობრებთან/პარტნიორებთან. უარს თუ ვიტყვით ქვეყნის ევროპულ მომავალზე, მარტო დავრჩებით დღევანდელი რუსეთის წინაშე, რაც ქვეყნის დაუცველობას და განვითარების პერსპექტივის დაკარგვას ნიშნავს- წერს ყოფილი მინისტრი.