პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას მთავრობა მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მთავრობამ პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტით წასვლაზე წერილობითი უარი განუცხადა, რის შემდეგაც ევროპაში წასასვლელად პირადი კონტაქტები გამოიყენა. პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება თუ მართალია, გამოდის, მან კონსტიტუცია დაარღვია. კონსტიტუციის დარღვევა კი კანონით იმპიჩმენტის საფუძველი შეიძლება გახდეს.
კომერსანტი დეტალების უკეთ გასარკვევად კონსტიტუციონალისტებს ვახუშტი მენაბდესა და ავთანდილ დემეტრაშვილს დაუკავშირდა. ვახუშტი მენაბდის თქმით, მას კობახიძის განცხადება არ უნახავს, ისე კი პრეზიდენტი მართლაც ვალდებულია საერთაშორისო ვიზიტები მთავრობას შეუთანხმოს. განსხვავებულად შეაფასა მოვლენები ავთანდილ დემეტრაშვილმა. მისი განმარტებით, რადგან ზურაბიშვილს რაიმე ოფიციალურ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია, გამოდის რომ არც კონსტიტუცია დაურღვევია.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება დეპუტატთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს ანუ 76 პარლამენტარს შეუძლია, მის ბოლომდე მისაყვანად კი 100 ხმაა საჭირო. კიდევ ერთ აუცილებელ პირობად საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა ითვლება, რომელმაც პრეზიდენტის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ან კონსტიტუციის დარღვევა უნდა დაადასტუროს.