ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, იმ ქართველი ბიზნესმენების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლით ეკონომიკური მოგების მიღება სცადონ, პოსტს აქვეყნებს და მათ სერგო ორჯონიკიძესთან აიგივებს.
„მაშინ როდესაც ყოველდღიურად იბომბება მოძმე უკრაინული ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობა, ნებისმიერი ბიზნესმენი, ვინც საქართველოს იურისდიქციის გამოყენებით, ეცდება რუსეთს დაეხმაროს სანქციების გვერდის ავლაში და ამაზე ხელს მოითბობს, არაფრით სერგო ორჯონიკიძეზე უკეთესი არ არის.
Stay strong Ukraine“ წერს გიორგი ქადაგიძე.
საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს საკუთარი სურვილით არ შეერთებია, თუმცა ვერც ბოლომდე აუარა გვერდი. ვითიბი ბანკი იძულებული გახდა ფიზიკური პირების პორტფელი ბაზის ბანკზე გაესხვისებინა, მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელი კი ლიბერთისთვის დაეთმო. გარდა ამისა რუსეთში გაცემული VIZA-სა და MASTERCARD-ის ბარათები საქართველოშიც დაიბლოკა.
პრემიერ ღარიბაშვილის მტკიცებით სანქციებით საქართველო უფრო მეტად დაზარალდება და ის სანქციებს საკუთარ მოქალაქეებს ვერ დაუწესებს. კვირას 6 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა 15 ქართულ რძის მწარმოებელს რუსეთში ექსპორტის ნება დართო. მაშინ როცა თითქმის მთელმა ევროპამ, შეერთებულმა შტატებმა და კანადამ მოსკოვს ცა ჩაუკეტა გავრილოვი თბილისთან პირდაპირი რეისების დაშვების შესაძლებლობებზე ალაპარაკდა.