არ შეიძლება ევროპასა და ამერიკასთან შეთანხმებისა და ვალდებულების შესრულებაში მუდმივად პრობლემები გვქონდეს. ეს კონგრესმენები ჩვენი მეგობრები არიან და ქვეყანაში რა ვითარებაა ძალიან კარგად ესმით, - ამის შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ქვეყანაში პოლარიზება უნდა დასრულდეს და პოლიტიკოსებმა შეთანხმების შესრულების გზით უნდა იარონ.
„ცალკე გვინდოდა შეხვედრა, რომ კონგრესმენებთან გვესაუბრა. შესაბამისად, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ვთხოვეთ და ცალკე შევხვდით, არაფორმალურ გარემოში. ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ნამდვილად სურვილი აქვთ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. ამიტომ ყველა იმ პრობლემას ისმენენ, რომელიც დღეს საქართველოშია. არ შეიძლება, რომ მუდმივად ევროპასა და ამერიკასთან პრობლემები გქონდეს, შეთანხმებისა და ვალდებულების შესრულებაში. ეს კონგრესმენები ჩვენი მეგობრები არიან და ეს ვითარება ძალიან კარგად ესმით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ქვეყანაში პოლარიზება უნდა დავასრულოთ და შეთანხმების შესრულების გზით უნდა ვიაროთ“, - განაცხადა ვაშაძემ.
გარდა ამისა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ ამერიკელ კონგრესმენებთან მედიასა და მართლმსაჯულების საკითხთან დაკავშირებითაც იმსჯელეს.
„ზოგადად მედიასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ. ასევე მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რომელსაც ნდობა არ აქვს. კლანი მართავს სასამართლოს და ავუხსენით, რომ სანამ ეს გარემო იქნება, მედიასაშუალებები და ზოგადად ბიზნესი შევიწროვებისთვის იქნება გამოყენებული“, - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციის წევრები 6 სექტემბერს ჩამოვიდნენ.
ipn.ge