საარჩევნო კამპანია ახლა დავიწყეთ. შესაბამისად, ჩვენი რეიტინგები 2 ოქტომბერს იქნება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ GORBI-ის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.
„კვლევებით ჭრა-კერვა რომ არ იყოს, ყველაფერი 2 ოქტომბერს გამოჩნდება. ჩვენ შევქმენით მესამე ძალა, რომელიც იბრძვის, რათა ეს ორპოლუსიანი სისტემა ქვეყანაში როგორმე გავარღვიოთ. საარჩევნო კამპანია ახლა დავიწყეთ. შესაბამისად, ჩვენი რეიტინგები იქნება 2 ოქტომბერს. მანამდე ნებისმიერი კვლევა აცდენილია იმ კამპანიას, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და რა კომუნიკაციაც გვაქვს ჩვენს მოქალაქეებთან“, - განაცხადა ვაშაძემ.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ცნობილია. კითხვაზე „დღეს რომ ქალაქ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“ გამოკითხულთა 61.4%-მა არჩევანი კახა კალაძეზე, ხოლო 38.6%-მა ნიკა მელიაზე შეაჩერა, ხოლო დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 47,2% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.
imedinews.ge