მსოფლიო პასპორტის 2022 წლის განახლებულ რეიტინგში საქართველო გრენადასთან, ელ სალვადორთან და რუსეთთან ერთად 31-ე ადგილს იკავებს. საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა 65 ქვეყანაში შეუძლიათ, კიდევ 44-ში ადგილზე გამარტივებული ვიზით, 89-ში კი ვიზა ისევ აუცილებელია.
რეიტინგში პირველ ადგილს შეერთებული შტატები იკავებს. აშშ-ის მოქალაქეებს უვიზოდ 106 ქვეყანაში შეუძლიათ შესვლა, 54-ში კი გამარტივებული ვიზით. თუ მხოლოდ უვიზოდ შესვლის უფლების რეიტინგს დავითვლით, მაშინ აშშ-ს საკმაოდ ბევრი ქვეყანა უსწრებს, კერძოდ: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ისლანდია, კვიპროსი, საბერძნეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, მალტა, პოლონეთი, ნორვეგია, პორტუგალია, ნორვეგია, ბელგია, შვეიცარია, ესპანეთი, საფრანგეთი, დანია, ავსტრია, ნიდერლანდები, შვედეთი, ფინეთი, იტალია, გერმანია, სამხრეთ კორეა და სინგაპური. ამ ქვეყნების მოქალაქეებს 107-114 სახელმწიფოში უვიზოდ შეუძლიათ შესვლა, თუმცა აშშ-თან შედარებით გამარტივებულ სავიზო მომსახურებას უფრო ნაკლები ქვეყანა სთავაზობს.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან რუსეთიც 31-ე ადგილზეა, იმ განსხვავებით, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზოდ შესვლა 70 სახელმწიფოში შეიძლება, გამარტივებული ვიზით კი 39-ში. აზერბაიჯანი 31 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის უფლებით 58-ე ადგილს იკავებს, სომხეთის მოქალაქეებს უვიზოდ 30 სახელმწიფოში შეუძლიათ შესვლა და აზერბაიჯანს 1 პოზიციით ჩამორჩებიან. რაც შეეხება თურქეთს, ის 35-ე ადგილს იკავებს, თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზოდ 63 ქვეყნის საზღვრებია ღია.
რეიტინგის ბოლო ადგილზე ავღანეთია. ავღანელებს უვიზოდ მხოლოდ 4 ქვეყანა უშვებს. სირიულ პასპორტს 5 ქვეყანა ენდობა, პაკისტანისას 6, სომალისას და ჩრდილო კორეისას 8, ნეპალისას კი 9.
საქართველო პასპორტის რეიტინგში 2017 წლიდან დაწინაურდა, როდესაც შენგენის ზონის 22, 4 არაწევრი და 4 კანდიდატი ქვეყნის, ჯამში 30 სახელმწიფოს კარი გაიღო. საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს ასევე ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთანაც რუსეთის გამოკლებით. თურქეთსა და უკრაინაში სამოგზაუროდ კი ID ბარათიც საკმარისია.
გიორგი ელიზბარაშვილი