2023 წლის 22 თებერვალს, ნიუ-იორკში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაში, რომელიც უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარულია უკრაინის მხარდასაჭერად მიმართული საერთაშორისო ძალისხმევისა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ ჰუმანიტარულ თანადგომას.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის - ოკუპაციასა და ადგილზე არსებულ მძიმე ვითარებაზეც.
„თითქმის 15 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომისა და მისი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციის შემდეგ, რაც უხეშად არღვევს გაეროს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და პარიზის ქარტიის პრინციპებს - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.
„საქართველო კვლავ ერთგულია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა, რაც, ერთი მხრივ, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციაზე, ხოლო მეორე მხრივ, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებასა და ნდობის განმტკიცებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულყოფილად ასრულებს ევროკავშირის მედიაციით მიღებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული მიდგომა აუცილებელია, რათა რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ამ მხრივ, საქართველო ცდილობს გამოიყენოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები- განმარტა ილია დარჩიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა რეზოლუციის პროექტის მიმართ, რომელიც კიდევ ერთხელ აგზავნის მკაფიო სიგნალს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძირითადი ღირებულებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დასაცავად და მოუწოდებს ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ, გაეროს წესდების შესაბამისად.