ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბუიარ ოსმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების, მაღალი დონის შეხვედრებისა და ვიზიტების დინამიკა, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. ამ მხრივ მინისტრები მიესალმნენ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს ჩრდილოეთ მაკედონიაში.
შეხვედრაზე მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია ქვეყნების ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. აღინიშნა ამ მიმართულებით გამოცდილების ორმხრივად გაზიარების მზაობა და შემდგომში მჭიდრო კოორდინაცია.
ჩრდილოთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დააფიქსირა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით.
რეგიონალურ უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, ხაზი გაესვა ჩრდილოეთ მაკედონიის მხრიდან 2023 წელს დაგეგმილი ეუთოს თავმჯდომარეობის მნიშვნელობას, აღინიშნა რომ თავმჯდომარეობის დღის წესრიგში პრიორიტეტული იქნება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი რუსეთის მხრიდან. ამ მხრივ კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჩრდილოეთ მაკედონიის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
შეხვედრაზე მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს ურთიერთობის ისეთ პერსპექტიულ სფეროებზე, როგორიც არის ვაჭრობა, ეკონომიკა, ხალხთაშორისი კონტაქტები და შეთანხმდნენ ორმხრივი ვიზიტების განხორციელებასა და დარგობრივი კონტაქტების გააქტიურების ხელშეწყობაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.