აქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი, სამუშაო ვიზიტით იმყოფება სლოვაკეთის რესპუბლიკაში, სადაც სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, რასტისლავ კაჩერს შეხვდა.
ორი ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობის განვითარებაზე მსჯელობისას, მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროზე, ამ მხრივ არსებულ დიდ პოტენციალზე და გამოთქვეს მზადყოფნა, მიმართონ ძალისხმევა ორი ქვეყნის ბიზნესწრეების დასაახლოებლად. ასევე აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი ევროპისთვის განახლებადი ენერგორესურსების მიწოდებისა და ალტერნატიული ენერგომარშრუტების ამოქმედების თვალსაზრისით. რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა სლოვაკეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საერთო ჯამში, შეხვედრაზე მკაფიოდ გამოიკვეთა ორი ქვეყნის მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში.
შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის ოქმს, რაც ითვალისწინებს საქართველოს და სლოვაკეთის საგარეო უწყებების მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. დოკუმენტით აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მხარდაჭერილია ქვეყნის მიზანი - გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.