რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ფიზიკის ინსტიტუტზე, სადაც ბირთვული რეაქტორებია განლაგებული გრადებით სარაკეტო იერიშები მიიტანეს და ბოლო 10 დღეში, მორიგი მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფის რისკის წინაშე მსოფლიო უკვე მესამედ დააყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით Independent ავრცელებს.
ხარკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტში ბირთვული კვლევითი დაწესებულება, სახელწოდებით „ნეიტრონული წყაროა“ განთავსებული და მასში 37 ბირთვული საწვავის უჯრედია მოთავსებული.
პუტინი ბოლო პერიოდში ბირთვული ომით სულ უფრო ხშირად იმუქრება. გახშირდა თავდასხმები ბირთვულ ობიექტებზეც. 24 თებერვალს, ინტერვენციის პირველივე დღეს, რუსულმა არმიამ ჩერნობილის გაჩერებული ელექტროსადგური დაიკავა, 4 მარტს კი ევროპაში ყველაზე დიდი - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. რუსეთის პრეზიდენტი ჯერჯერობით შანტაჟს ჯერდება და რეალური ბირთვული თავდასხმის მცდელობა არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ სადგურები კარგადაა დაცული ერთმა გაუაზრებელმა ქმედებამ შესაძლოა ჰიროსიმასა და ჩერნობილზე უარესი კატასტროფა გამოიწვიოს.