საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტში არშესული ოპოზიციური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას და უფასო საეთერო დროით სარგებლობის უფლების შეწყვეტას ითვალისწინებს, ხვალ რიგგარეშე სესიაზე გავა.
განხილვა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით გაიმართება.
კანონში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. ამასთან, პარტია მომავალი წლის დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას. იგივე პრინციპი ვრცელდება ერთ ბლოკში გაერთიანებულ პარტიებზე.
საკითხის საკომიტეტო განხილვის დროს დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი გამოვიდა წინადადებით, რომ მოტივაციის გასაზრდელად, არა მიმდინარე წლის დეკემბერში, არამედ თუ საგაზაფხულო სესია პარტიის წარმომადგენლობის ნახევარზე მეტმა გააცდინა, ამ შემთხვევაში, მომავალი 6 თვის განმავლობაში შეწყდეს დაფინანსება და არა ერთი წლის განმავლობაში.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მსჯელობისას რიგი საკითხები კიდევ უფრო დაზუსტდება.
IPN.GE