საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინვესტორთა საბჭოს სხდომა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს მწვანე ეკონომიკის განვითარების ინიციატივები, სამთო მრეწველობის შესაძლებლობები და გამოწვევები, საქართველოს განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაცია, შავი ზღვის პლატფორმის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და შუა დერეფნის სატრანზიტო მარშრუტის განვითარების მიმართულებები. განსახილველ საკითხებს შორის იყო აგრეთვე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიმდინარე რეფორმებში ინვესტორთა საბჭოს ჩართულობა.
საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ეკონომიკურ პროექტებს, რომლებზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს.
ინვესტორთა საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ მომავალშიც აქტიურად დაუჭერენ მხარს მთავრობის ყველა იმ ნაბიჯსა თუ რეფორმას, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ასოცირების შეთანხმების წარმატებით განხორციელებას.