მინდა, მადლიერება გამოვხატო იმ დიპლომატების მიმართ, რომლებიც ჩართულები იყვნენ და კვლავაც განაგრძობენ მონაწილეობას მოლაპარაკებებში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, მათი როლი გაგრძელდება და ამის შესახებ მკაფიოდაა ნათქვამი ევროკავშირის განცხადებაშიც. რაც შეეხება კრისტიან დანიელსონს, ის გამოცდილი დიპლომატია და ათწლეულებია მას დიპლომატიური კარიერა აქვს. ის მუშაობდა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. მას ჩამოყალიბებული აქვს კონკრეტული უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია მოლაპარაკებისთვის და უმთავრესი მას აქვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მანდატი. შარლ მიშელი იყო საქართველოში და შეხვედრა ჰქონდა ყველა სუბიექტთან, რომელსაც გარკვეული და ნათელი წარმოდგენები აქვს, თუ რა ხდება საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენ შედეგს უნდა ველოდოთ და ასოცირების საბჭო, რომელიც გაიმართება 16 მარტს, ეს მნიშვნელოვანი დღე იქნება, იმიტომ, რომ ეს უნიკალური ფორმატია, რომელიც ევროკავშირს აქვს საქართველოსთან და აქ განიხილება ფართო დღის წესრიგი“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.
შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის თავისი წარმომადგენელი დანიშნა.
1-ელ მარტს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ.
imedinews.ge