საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 12 მაისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილს სომხეთის რესპუბლიკის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რომლის შემდეგ გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება.
შეხვედრების დასრულების შემდეგ, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი მიმართვა პრესისადმი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ერევანში მიემგზავრება ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.