პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ოლაფ შოლცს მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გერმანია კვლავ გააგრძელებს საქართველოს მთავარი საგარეო-პოლიტიკური მიზნების მხარდაჭერას.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს მიაწოდა ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს, მარტში, ბერლინის მსოფლიო ტურისტული ფესტივალის - „აი-თი-ბი ბერლინის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ფესტივალი არა მხოლოდ შესანიშნავი საშუალებაა ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად და მეტი ვიზიტორის მოსაზიდად, არამედ ეს არის გზა საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს ტურისტული სექტორის შემდგომი განვითარებისათვის.
პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი საქართველოში მოიწვია.
შეხვედრის შემდეგ პრემიერი გერმანიის კანცლერთან შეხვედრას Twitter-ში გამოეხმაურა.
პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთო ხედვას ძლიერი ევროპისთვის და გადამწყვეტი მოქმედებების განხორციელების საჭიროებას.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან ოლაფ შოლცთან. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მყარი პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება.
საუბრისას ხაზი გავუსვით მეტად ძლიერი ევროპისთვის ჩვენს საერთო ხედვას და გადამწყვეტი მოქმედებების განხორციელების საჭიროებას.
საქართველო ევროკავშირის სანდო მოკავშირეა!", - წერს პრემიერი Twitter-ში.