საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„შეხვედრაზე ხაზი გაესვა საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, როლს და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ დინამიკურ და ინტენსიურ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.