„შეჯამებისთვის; პირველი - მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში, მეორე - მიხეილ სააკაშვილი არის კლოუნი, მესამე - ეს კლოუნადა ემსახურება იმას, რომ შიდაპარტიულ დაპირისპირებაში, მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდეს უფრო მაგარი ბიჭი, ვიდრე - ნიკანორ მელია ან ხატია დეკანოიძე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„ნეტა ყოფილიყო საქართველოში. ამ შემთხვევაში, ეს კლოუნი მოხვდებოდა ციხეში, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში. აქედან გამომდინარე, ყველას შეუძლია, იყოს მშვიდად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ 2 ოქტომბერს სრული მობილიზაცია არ გვჭირდება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
imedinews.ge