მოხარული ვართ, რომ 2023 წელს საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ გამოფენაზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაცია მოხდება.
„ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს და მოხარული ვართ, რომ 2023 წელს საქართველო იქნება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin. ჩვენ რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოდგენას, წარმოჩენას და მის პოპულარიზაციას",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ITB Berlin-ს ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნიდან გამოფენას 200 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება. ITB Berlin წლიდან წლამდე მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრშია. 3 დღის განმავლობაში გამოფენას 5 ათასზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებს.
როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, ITB Berlin-ის გამოფენაზე მასპინძლის სტატუსით მონაწილეობა არის უპრეცედენტო მასშტაბის შესაძლებლობა ქვეყნისთვის, რაც კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს საქართველოს, როგორც ტურისტულად განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ქვეყანას. მასპინძლის სტატუსი არის სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო 2022 წლამდე და მის შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ქვეყანაა. ეს გამოფენა მთელ მსოფლიოს უგზავნის შეტყობინებას, რომ საქართველო საინტერესო და ახალი, მრავალფეროვანი, მიმზიდველი და სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა.
ITB Berlin-ს 2007 წლიდან 15-მა ქვეყანამ უმასპინძლა, მათ შორისა: ინდოეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, ინდონეზია, მალაიზია და ა.შ. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ტურისტული ბაზრის უდიდეს წილს ფლობენ მსოფლიოს მასშტაბით.
თუ გავეცნობით წინა წლების გამოცდილებას, ITB Berlin მასპინძელ ქვეყნად გამოცხადების შემდეგ თითო ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების ზრდამ საშუალოდ 130 %-ს მიაღწია. ეს კიდევ ერთი დასტურია თუ რამხელა მნიშვნელობა და შესაძლებლობაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის მომავალი განვითარებისთვის.
ITB Berlin-ის მასპინძელ ქვეყნად გამოვლენამდე საქართველომ ურთულესი საკონკურსო ეტაპები და კონკურენცია გაიარა მსოფლიოში ცნობილ ტურისტულ მიმართულებებს შორის. კონკურსში მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მონაწილეობდა.
საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ინსპექტირება. 2019 წლის აპრილში ITB Berlin-ის ხელმძღვანელების საქართველოში ვიზიტი შედგა, რომლის ფარგლებშიც ადგილზე შეფასდა ტურისტული პროდუქტები, ინფრასტრუქტურა, სასტუმროები. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობამ პროაქტიულად უდგება ტურიზმის განვითარებას და მისთვის ტურიზმის ინდუსტრია პრიორიტეტული დარგია.
აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო ბერლინის სამთავრობო უწყებების მხარდაჭერა, რაც იმის ნიშანია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი არამხოლოდ ტურიზმის განვითარებისათვის, არამედ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.
როგორც მასპინძელი ქვეყანა საქართველო 37 მილიონი ევროს ღირებულების საიმიჯო საინფორმაციო და მარკეტინგულ მხარდაჭერას მიიღებს. ეს არის 15 მილიონი ევროს ღირებულების ონლაინ მედია მომსახურება.3,200 000 ევროს ღირებულების ტელე და რადიო დაფარვა, 19 მილიონი ევროს ღირებულების მომსახურება ბეჭდურ მედიაში.
უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ITB Berlin მასპინძლობით საქართველოს 1 მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომის შესაძლებლობა ეძლევა, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში პირდაპირ და არაპირდაპირაა ჩართული.