2021 წლის 24 ოქტომბერს, ტელეკომპანია მთავარი არხის გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ნიკა გვარამიას გაესაუბრება. ამის შესახებ იუსიტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყებას გვარამიას გამოკითხვა ხვალისთვის აქვს ჩანიშნული.
"ნიკა გვარამიას ცნობით, N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვის მინიმალური გარანტია არ არსებობს და მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას იმიტირებული ბუნტი იგეგმება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით დასრულდება. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი გვარამიას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით 25 ოქტომბერს გაესაუბრება," - აცხადებენ იუსიტიციის სამინისტროში.
ცნობისთვის, სააკაშვილის უფლებადამცველები მოითხოვენ ჰოსპიტალიზაციის საკითხი უსწრაფესად გადაწყდეს და გამოირიცხოს ციხის საავადმყოფო, რადგან, მათივე შეფასებით, ციხის საავადმყოფო არ აკმაყოფილებს კონსილიუმის მოთხოვნილ სტანდარტებს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, თქმით, ყველაზე მაღალი რისკი, რომელიც სააკაშვილს ემუქრება, გულის გაჩერებაა, შესაბამისად ციხის საავადმყოფოში კარდიოლოგიური სერვისის მეორე დონე უნდა არსებობდეს. ნიკა გვარამია ეჭვობს, რომ ციხეში სააკაშვილის ლიკვიდაცია იგეგმება. მისი ვერსიით, იგეგმება იმიტირებული ბუნტი ციხის საავადმყოფოში, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით. გვარამია ამტკიცებს, რომ ციხეში უკვე შეყვანილია რამდენიმე სპეცდანიშნულების პატიმარი, რომელიც სააკაშვილის ლიკვიდაციაზე იზრუნებს, თუმცა ეს დაბრალდება აღშფოთებულ ციხის პუბლიკას. პრემიერმა ღარიბაშვილმა გვარამიას ამ ეჭვს ბოდვა უწოდა და დასძინა, რომ ეს ინფორმაცია აბსურდულია. რაც შეეხება სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პატიმარი სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული. პრემიერი ამბობს, რომ ყველა პატიმარი, რომელიც თავისი გადაწყვეტილებით შიმშილობს, საჭიროების შემთხვევაში, გადაჰყავთ ციხის საავადმყოფოში, სადაც ყველა საჭირო პირობაა შექმნილი და ეს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით არ გადაიხედება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. მას საპატიმროში ხშირად სტუმრობს პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე. მისი თქმით, სააკაშვილი მორალურად თავს კარგად გრძნობს, მაგრამ დღითი დღე უფრო და უფრო უჭირს სიარული, აქვს სისუსტე და სახეზე უფერულობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი დაჟინებით ამტკიცებს, რომ სააკაშვილი პრივილეგირებული პატიმარი არასდროს იქნება. კითხვას, რამდენად განიხილება ოცნებაში სააკაშვილის გათავისუფლება, ღარიბაშვილი თავდაჯერებული პასუხობს: „გამორიცხულია! სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იჯდება ციხეში!“
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. ის ციხიდან წერილებს რეგულარულად ავრცელებს. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე. მესამე პრეზიდენტს ბრალად ედება 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა, „ტელეიმედში” შეჭრის სანქცირება და ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ დაუფლება. ქართული მართლმსაჯულება მას ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი თითქმის 9 მილიონი ლარის გაფლანგვაშიც ადანაშაულებს.