თბილისის მერი, კახა კალაძე 30-31 მაისს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტს ეწვევა.
როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურიდან "კომერსანტს" აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა ბუქარესტის მერ ნიკუშორ დანთან.
მათივე განმარტებით, კახა კალაძე და ნიკუშორ დანი ხელს მოაწერენ თბილისისა და ბუქარესტის დაძმობილების ხელშეკრულებას. ბუქარესტში, მეფე მიჰაი I-ის სახელობის პარკში ასევე, საზეიმოდ გაიხსნება შოთა რუსთაველის ბიუსტი.
თბილისის მერთან ერთად, დელეგაციაში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები იმყოფებიან.