რუსეთი მზად არის, რომ საქართველოსთან ფრენები განაახლოს, მაგრამ ამისთვის ქართული მხარის თანხმობაა საჭირო - ამის შესახებ RBC - ს რუსეთის ფერედალური საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგოლ კარასინმა განუცხადა.
„ბუნებრივია ამაზე ვმსჯელობთ, ვცვლით აზრებს, მაგრამ არის გამონათქვამი, რომ „ტანგოსთვის ორია საჭირო“ და თუ დუეტის ერთ-ერთ წევრს ეჭვი ეპარება, მაშინ დაძალება საჭირო არ არის. შესაძლებლობა არსებობს, თუმცა რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის გამოკიდებული“ - აღნიშნა კარასინმა.
კარასინი თბილისთან არაფორმალური დიალოგის მექანიზმში, რომელიც 2012 წლიდან არსებობს, მოსკოვს წარმოადგენს. ქართული მხარიდან მოლაპარაკებებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძე მონაწილეობს.