კამათი და დაპირისპირება სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე, თბილისის მეტროში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს მოჰყვა. როგორ შეირჩნენ მაინც და მაინც ის კომპანიები რამდენიმე მილიონიანი პროექტის განსახორციელებლად, რომლებიც თბილისის მერისა და "ქართული ოცნების" გარემოცვას უკავშრდება? - ეს არის ის კითხვა, რომელზე პასუხსაც ოპოზიცია ითხოვს.
ამ მასშტაბურ პროექტში შესაძლო კორუფციის ნიშნებს ოპოზიცია რამდენიმე კომპანიის მონაწილეობის გამო ხედავს. კომპანიებს შორისაა შპს "ელიბო", რომელიც სამი თვის წინ, 19 თებერვალს დაფუძნდა. მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ათი თვეა მიმდინარეობს. რა სამუშოებს აწარმოებს, რატომ ჩაერთო პროექტის განხორციელებაში მაშინ, როცა რეაბილიტაცია უკვე ზაფხულიდან მიმდინარეობს და აქვს თუ არა შესაბამისი გამოცდილება შპს "ელიბოს"? მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ფაქტობრივად არ იძებნება.
ყველაზე მეტ კითხვას ოპოზიციას შპს "ეი-ჯი გრუპი" უჩენს. კომპანია სპორტის ყოფილ მინისტრთან, ტარიელ ხეჩიკაშვილთან და თბილისის მერის მეგობართან, ყოფილ ფეხბურთელ გიორგი ნემსაძესთან არის კავშირში. სწორედ მათი ბიზნესპარტნიორია "ეი-ჯი გრუპის" დირექტორი და წილის 100 პროცენტის მფლობელი ალექსანდრე ხუციშვილი. კომპანიის იურიდიულ მისმართზე ალექსანდრე ხუციშვილის საცხოვრებელი სახლი დაგვხვდა.
ალექსანდრე ხუციშვილი წლების განმავლობაში იყო "იბერია ავტოს" დირექტორი. ამ კომპანიის წილის 90 პროცენტს ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანია "იბერია ბიზენს ჯგუფი'' ფლობს. ათ პროცენტს კი გიორგი ნემსაძე. ოფიციალური დოკუმენტებით, არც ერთ კომპანიას ელექტროობასთან და სადენებთან შეხება არ ჰქონია და ორივე ავტომობილების ვაჭრობით არის დაკავებული.
"იბერია ბიზენს ჯგუფი" კი ბოლო 21 წელია საქართველოში ყველაზე დიდი საავტომობილო ჰოლდინგია. ყოფილი ფეხბურთელი კორუფციულ გარიგებას და მეტროს სამუშაოებთან რაიმე კავშირს გამორიცხავს.
"იბერია ავტოს" პარტნიორია ასევე "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი და მმართველი გუნდის სოლიდური შემწირველი გოჩა ენუქიძე. ოპოზიციის ინფორმაციით, მას თბილისის მერთან ნათელმირონობაც აკავშირებს.
სწორედ ეს არის ის დეტალები, რაც ხელისუფლების ოპონენტებს კორუფციასთან დაკავშირებით კითხვებს უჩენს. ოპოზიციაში გამორიცხავენ, რომ ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევა იყოს. ისინი სამუშაოებზე პასუხისმგებლობას თბილისის მერს აკისრებენ. თავად კახა კალაძე კი კომპირებულობასა და თაღლითობაში ოპონენტებს ადანაშაულებს.
თბილისის მეტროში 450 კილომეტრის ძალოვანი ელექტროკაბელისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის სამუშაებისთვის 15 მილიონი დოლარი აზიის განვითარების ბანკმა გამოყო. მთავარი კონტრაქტორი თურქული, ერთობლივი საწარმო დოგუს-ელსიტელია, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერით შეარჩია.
მთავარი არხი