„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსი“ (CPI) გამოაქვეყნა. ამ ანგარიშს მიხედვით საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით მეტია. წარსულში 56 ქულა ქვეყანას 3-ჯერ: 2017, 2019 და 2020 წლებში ჰქონდა. რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილზეა.
ანგარიში აღნიშნულია, რომ ქულა 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანას კორუფციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს
„კორუფციის აღქმის ინდექსში“ ქვეყნის შედეგის ერთი ქულით ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ ითვლება. საქართველოს შემთხვევაში ქულა 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანას კორუფციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. რეიტინგში საქართველოს შედეგი, ძირითადად, განპირობებულია წვრილმანი მექრთამეობის დაბალი დონით, თუმცა ამავდროულად კვლავაც გამოწვევად რჩება ელიტური კორუფცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ნების არარსებობა.
იმის გათვალისწინებით, რომ ინდექსში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს, 56 ქულა საშუალო მაჩვენებელია. მაგალითისთვის, საუკეთესო შედეგის მქონე 10 ქვეყნის ქულები 80-ს აღემატება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ნამდვილად უსწრებს ევროპის რამდენიმე ქვეყანას, თუმცა, ამავე დროს, მთელი 10 ქულით ჩამორჩება ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელს.
ქვეყნების ათეული, სადაც კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გამოვლინდა ასეთია:
დანია,
ფინეთი,
ახალ ზელანდია,
ნორვეგია,
სინგაპური,
შვედეთი,
შვეიცარია,
ნიდერლანდები,
გერმანია,
ირლანდია.
ამ მიმართულებით ყველაზე მძიმე მდგომარეობაა: სომალიში, სირიაში, სამხრეთ სუდანში, ვენესუელაში, იემენში, ლიბანში, ჩრდილოეთ კორეაში, ჰაიტიში, ეკვატორულ გვინეაში, ბურუნდისა და თურქმენეთში.
რაც შეეხება ჩვენს მეზობლებს, კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით აზერბაიჯანი 157-ზე ადგილზეა, რუსეთი - 137-ზე, უკრაინა 116-ზე, თურქეთი 101-ზე, სომხეთი - 63-ზე.