მოსკოვი ემიჯნება ქართულ კანონპროექტს უცხოელი აგენტების შესახებ, კრემლს არაფერი აქვს საერთო ქართულ კანონპროექტთან - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„არაფერი ყოფილა შთაგონებული კრემლის მიერ. კრემლს აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო ქართულ კანონთან, - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ამ კანონების შემოღების პიონერი აშშ-ია. კანონპროექტის ერთი ვერსია ამერიკულს ჰგავს, მეორე - ბევრად უფრო რბილია და არაფერია აქვს საერთო რუსულთან.
„ამ კანონების შემოღების პრაქტიკის პიონერი შეერთებული შტატებია. იქ 30-იანი წლების ბოლოს შემოიღეს, თუ სწორად მახსოვს. კანონპროექტის ერთ-ერთი ვერსია, თუ სწორად გავიგეთ, ძალიან ჰგავდა აშშ-ს კანონს. მეორე ვერსია ნაკლებად ჰგავს შეერთებული შტატების კანონს, მაგრამ არსებითად ბევრად უფრო რბილია. ჩვენ არც ერთთან არაფერი გვაქვს საერთო“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ 7 მარტს, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. 2-დღიანი უწყვეტი პროტესტისა და, შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავების მიერ 133 აქციის მონაწილის დაკავების შემდეგ, ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ, „ხალხის ძალამ“ და უმრავლესობამ ე.წ. აგენტების კანონის გაწვევის შესახებ გააკეთა განცხადება.