კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული თამაშის “დიდგორი“ ბიუჯეტი 150 000 ლარია და მის შექმნაში მონაწილეობას 32 ადამიანი იღებს — ამის შესახებ ინფორმაციას კონკურსში გამაჯრვებული კომპანია „სილესტიალ დიმენშენი“ ავრცელებს, მათივე ინფორმაციით თამაში მიმდინარე წლის მაისში გამოვა.
“კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ
“— დღეს ოფიციალურად გამოქვეყნდა ჩვენი პროექტის „ძლევაი საკვირველის“ ფარგლებში შექმნილი კომპიუტერული თამაშის თრეილერი, რომელიც მხოლოდ დასაწყისია იმ სიახლეების, რომელსაც მომავალში ჩვენი გუნდი ამზადებს.
საზოგადოების მზარდი ინტერესიდან გამომდინარე გაგაცნობთ ზუსტ ინფორმაციას რომელიც უშუალოდ პროექტის მიმდინარეობას ეხება და დავაზუსტოთ ზოგიერთი დეტალი.
ჩვენმა პროექტმა გაიმარჯვა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში„ ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშის შექმნა“ და სტარტი აიღო 2021 წლის 12 აგვისტოს, რომლის პირველი ფაზა დასრულდა 25 დეკემბერს, ხოლო მეორე ფაზა გაგრძელდება მაისის დასაწყისამდე.
პროექტის შექმნაში მონაწილეობას იღებს 15 განსხვავებული პროფესიის 32 ადამიანი.
თამაშის ბიუჯეტი: 150 000 ლარი .
მოულოდნელი ექსესების და ტექნიკური შეფერხებების ფონზე, რომელიც ძირითადად პანდემიით იყო განპირობებული პროექტმა ორი თვით გადაიწია და თამაშის სრული ვერსიის რელიზი მაისში იგეგმება.
ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკური და შემოქმედებითი პროცესი, რომელიც მოიცავს რამდენიმე თემატური ვიდეორგოლის შექმნასა და თამაშის ვიზუალური მხარის დახვეწას, რომელშიც დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა იქნება გადმოცემული.
თამაშის ჟანრი და სპეციფიკა: რეალური დროის ტაქტიკა, რიგითობაზე დამყარებული სტრატეგია, კამერის იზომეტრიული ხედვის პრინციპით. იგი შეიქმნება Unreal Engine 4 -ის ბაზაზე.
თამაში დარელიზდება Steam პლატფორმაზე, ხოლო პროექტის წარმატებაზეა დამოკიდებული შესაძლებელი იქნება თუ არა თამაშის ონლაინ ვერსიის შექმნა, ხოლო ვიდეოთამაში გამოსვლის დღიდან ქართული საზოგადოებისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
თამაში მოიცავს ერთ ბრძოლას და მთლიანად ორიენტირებულია დიდგორის ბრძოლის ავთენტურ გადმოცემაზე და ვიზუალიზაციაზე.
აქვე ვაზუსტებთ: წარმოდგენილ თრეილერს არანაირი კავშირი არ აქვს თამაშის გეიმფლეისთან და წარმოადგენს თემატურ ვიდეორგოლს.
გთხოვთ ნუ აყვებით გავრცელებულ დეზინფორმაციას და დაელოდეთ თამაშის საბოლოოდ გამოსვლას.
გმადლობთ ყურადღებისთვის!“— ნათქვამია განცხადებაში