ლაითურში 700-მდე მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულება გაიხსნება, ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესა და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირზე ითქვა.
პროექტი ბოლო 15 წელია მიმდინარეობს, რამდენჯერმე გაჩერდა და აღდგა. დაბა ლაითურში 3600 პატიმარზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო. თუმცა, იმ პერიოდში ძირითადი სარეჟიმო შენობის ფუნდამენტი მხოლოდ ნაწილობრივ მოეწყო და სამუშაოები შეწყდა.
2013 წელს სამუშაოები განახლდა და მოხდა საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება. მშენებარე დაწესებულება გადაკეთდა 700 პირზე გათვლილ დახურული ტიპის დაწესებულებად. 2013-2016 წლებში მოეწყო გარე პერიმეტრის რკინა-ბეტონის ღობეები და ჩატარდა მიწის მოწყობის სამუშაოები, ნაწილობრივ აშენდა ძირითადი სარეჟიმო და ადმინისტრაციული, ასევე გარე დაცვისა და ბადრაგირების მაშინდელი სამსახურის შენობები, რის შემდეგაც სამუშაოები ისევ შეწყდა.
2018-2019 წლებში ლაითურის პენიტენციური დაწესებულების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება თავიდან მოხდა. საპროექტო სამუშაოები დასრულდა 2019 წლის 7 ივნისს, ტენდერი 9 თვის შემდეგ, 2020 წლის მარტში გამოცხადდა. პირველი ტენდერი უშედეგოდ დასრულდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 2020 წლის 22 ივნისს გაფორმდა. მაშინ კომპანიამ ვალდებულება აიღო, რომ პროექტს 24 თვეში დაასრულებდა. დათქმული ვადა 8 თვის წინ ამოიწურა, დღეს პრემიერ მინისტრს არ დაუკონკრეტებია ზუსტად როდის მოხდება პატიმრების გადაყვანა ლაითურის პენიტენციური დაწესებულება.