რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით მოსკოვი NATO-ს წევრი ქვეყნების მხრიდან უკრაინისთვის S300-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო-სარაკეტო საშუალებების გადაცემას არ დაუშვებს. ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა Russia Today-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის პირველივე დღეებიდან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს ცის ჩაკეტვას სთხოვს. კიევმა თხოვნაზე მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროების მოტივით რამდენჯერმე უარი მიიღო. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების გამანადგურებლების - MiG-29-ების გადაცემას გეგმავდნენ, მაგრამ ეს იდეაც იდეად დარჩა. უკრაინა ე.წ. რკინის გუმბათის გადაცემაზე ისრაელმაც უარი განუცხადა.
კიევი მთლად უიარაღოდ მაინც არ რჩება, ომის დაწყებამდეც და შემდეგაც აშშ, ბრიტანეთი და თურქეთი მას ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინებით ჰაერსაწინააღმდეგო სტინგერებითა და უპილოტო ბაირაქტარებით ამარაგებს. ბოლო პერიოდში მათ იმავე მიზნით შექმნილი და სტინგერზე უკეთესი ბრიტანული Starstreak-იც დაემატა, რომელსაც სამიზნის განადგურება 4 კმ-ის სიმაღლის ნავლად 6-7 კმ-ზეც შეუძლია.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით უკრაინა ჯაველინების დამატებით პარტიასა და დრონებსაც მიიღებს. უკრაინას ასევე S300-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო-სარაკეტო საშუალებებიც გადაეცემა.
პუტინი ომის დაწყების დღიდან იმუქრება, რომ ანანებს ყველას ვინც ამ ბრძოლაში მის წინააღმდეგ ჩაერთვება, თუმცა აქამდე არც ერთი ქვეყნისთვის, რომელმაც კიევს იარაღი მიაწოდა პასუხი არ მოუთხოვია. პუტინის მუქარის საპასუხოდ ბაიდენმა განაცხადა რომ ნატოს წევრ ნებისმიერ ქვეყანაზე თავდასხმას დაუყოვნებლივ ექნება პასუხი გაცემული.
lenta.ru