შერიგებას წინ უნდა უძღვოდეს გარკვეული წინაპირობები, რომელიც მხარეებს ნაბიჯებს გადაადევინებს, რასაც ვერ ვხედავ - შერიგებას პერსპექტივა არ აქვს, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
ის შერიგების მომხრეა, რათა პროცესები კონსტრუქციულ ჭრილში წარიმართოს.
„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთთან ისე არიან დაპირისპირებული, როგორც აქამდე იყო. ზიზღისა და სიძულვილის ენა მათ გამოსვლებში ისევ არის. შერიგების პერსპექტივას ვერ ვხედავ, თუმცა მომხრე ვარ, რომ შერიგება იყოს. შერიგება იმას არ გულისხმობს, რომ პოლიტიკური ლიდერები ხელიხელჩაკიდებულები ივლიან, გულისხმობს, რომ კონსტრუქციული ოპონირებისა და საქმიანობის რეჟიმში გადავა ეს ყველაფერი და მხოლოდ ლანძღვა არ იქნება“, - განაცხადა იოსელიანმა.
ის ასევე გამოეხმაურა რიგგარეშე არჩევნების საკითხს და აღნიშნა, რომ ამის მოთხოვნა დამაზიანებელი და კონტრპროდუქტიული იქნება ოპოზიციისთვის მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებში 47 პროცენტი აიღო.
„მიგვაჩნია, რომ რიგგარეშე არჩევნებზე ახალი აქცენტის გაკეთება ოპოზიციის წარმატებას კიდევ უფრო შეამცირებს. რაც დრო გადის, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას აზრი ეკარგება, რომც დაინიშნოს, პარლამენტი ორწლიანი იქნება“, - განაცხადა იოსელიანმა.
imedinews.ge