რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ კარგად იცნობს აქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქვეყნის საგარეო უწყებას 2004-2005 წლებში ხელმძღვანელობდა. ლავროვმა გაიხსენა, რომ მან ზურაბიშვილთან ერთად შეიმუშავა შეთანხმება, საქართველოდან რუსეთის 2 სამხედრო ბაზის გაყვანის შესახებ. ამის შესახებ ეხო კავკაზა წერს
საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკის შესახებ საუბრისას სერგეი ლავროვმა ქვეყნის პრეზიდენტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გზას. ამის პარალელურად კი კიდევ ერთხელ მოუწონა პრემიერს და მინისტრებს რუსეთთან დაკავშირებული განცხადებები.
„ახლა საქართველოში, პრეზიდენტთან ერთად, რომელიც მადლობა ღმერთს არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გზას, უფრო ცერემონიალური ფუნქცია აქვს, არის ხელისუფლება... არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ მათი ქმედებების დადებითი სიტყვებით შეფასების გამო, მათი კომპრომეტირება მინდა, მაგრამ მე უბრალოდ მოვახდენ პრემიერის და მინისტრების ციტირებას, რომლებიც იმ უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, რითაც მათგან სანქციებზე შეერთებას და მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ, ამბობენ: „იცით, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, გვაქვს ტურიზმი და ვიღებთ ენერგომატარებლებს“,“ - განაცხადა ლავროვმა.
აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის წინააღმდეგ გამოვიდა, ამასთან Bloomberg-თან საუბარში მან განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსული ძალების გაყვანის შესახებ პუნქტი უნდა შევიდეს სამშვიდობო ხელშეკრულებაში, რომელსაც უკრაინა რუსეთთან ომის შემდეგ დადებს.