საქართველო არის ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი. 2014 წლიდან ჩვენ ვახორციელებთ ასოცირების შეთანხმებას და ამ პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი აღიარებულია ევროპელი კოლეგების მხრიდან, - ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს ცალსახად დაეხმარება ქვეყანას ევროკავშირის მიერ მისი შესაძლებლობების პროცესში.
„ევროკომისიის დასკვნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემი მოლოდინია, რომ იმ პროგრესის გათვალისწინებით, რაც საქართველოს აქვს და იმ უპირატესობიდან გამომდინარე, რაც საქართველოს სხვა პარტნიორებთან შედარებით აქვს, მოლოდინი მაქვს, რომ დასკვნა პოზიტიური იქნება. თუმცა წინასწარ მაინც არაფრის თქმა არ შეიძლება და წინ არის დასკვნა, რომელიც ევროკომისიამ უნდა მოამზადოს და იმედი მაქვს მალე იქნება მზად“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.
ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. 2 მაისს კი ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა.