არც ჩვენ დავახევთ კალთებს გახარიას თანამშრომლობისთვის, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც არჩევნების მეორე ტურზე მხარს არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერს.
„მინდა მივმართო როგორც მის (გიორგი გახარიას), ასევე ნებისმიერ ამომრჩეველს, რომ წინ არის მნიშვნელოვანი და პრინციპული მეორე ტური. მეორე ტურში დარწმუნებულები ვართ, რომ იქნება გამარჯვება, რომელიც მათივე სპეკულაციურად დასმულ კითხვაზე რეფერენდუმთან მიმართებაში გასცემს საკადრის პასუხს. როდესაც რომელიღაცა პოლიტიკური ჯგუფი კადრულობს იმას, რომ წინასწარ შემოდის წაგებულ თამაშში იმიტომ, რომ ხმები გამოართვას, წაართვას „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, მისი მხრიდან მსგავსი ლოგიკა, როგორც მინიმუმ მარტივად, რომ ვთქვათ, მისაღები არ არის. ბევრი ნამდვილად არ არის ოლქები, სადაც შეიძლება უმრავლესობა ვერ შევქმნათ, ერთი არის ასეთი და შეიძლება ეს იყოს ზუგდიდში, სხვაგან ჩვენ უმრავლესობას დავაკომპლექტებთ. ზუგდიდშიც ვნახოთ როგორ იქნება . ჩვენ ამ უმრავლესობით ვაპირებთ საქმე გავაკეთოთ, სხვები აპირებენ არეულობას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
imedinews.ge