ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, უკრაინას სჭირდება მშვიდობა, მათ ხალხს სჭირდება სოლიდარობა და ამ მშვიდობისათვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მან მოქალაქეებს სიმშვიდისკენ და ნდობისკენ მოუწოდა.
„ჩვენ უნდა გამოვიდეთ და გამოვდივართ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა ავაცილოთ როგორც ეკონომიკურ კოლაფსს, ავაცილოთ ომს და მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს იყვნენ მშვიდად და გვენდონ. იმიტომ რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჩვენ გვენდობა, არჩევნებში ეს არის ასახული, არჩევნების შედეგებში და ყველა ფიქრობს, ვინც კი ობიექტურად ფიქრობს ამ თემაზე, რომ ჩვენ ნდობას ჩვენ ამ პოლიტიკაში, რასაც დღეს ვაწარმოებთ, რა თქმა უნდა, ვიმსახურებთ და ერთი მთავარი ფრაზა, რომელიც ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა ითქვას. მიუხედავად მცდელობებისა ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ ეს ქვეყანა გაწირული პაიკის როლში ჩააყენოს. მშვიდობა საქართველოს, მშვიდობა უკრაინას, სოლიდარობა უკრაინელ ხალხს, დიდება უკრაინას და დიდება საქართველოს!“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.
imedinews.ge