ქართული ოცნების დეპუტატი დავით სერგეენკო TV პირველთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი მისთვის ბოლო საჯარო სამსახური იქნება, ხოლო აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებისას კენჭისყრაზე არდასწრების საფუძველი დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება იყო.
„ვხედავდი, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს. ვერ გეტყვით, რომ დეტალებში შევედი და გავაანალიზე ეს კანონპროექტი, არ მაქვს მაგის კომპეტენცია, მაგრამ ვხედავდი ამ დამოკიდებულებას და ალბათ, ეს იყო გადაწყვეტილების (კენჭისყრაზე არდასწრების) საფუძველი, – თქვა სერგეენკომ.
მისივე თქმით, პოლიტიკოსობა მისი ოცნების საქმიანობა არ არის და ურჩევნია ექიმად იმუშაოს. ამჟამად მიმდინარეობს განხილვა, დარჩება თუ არა დეპუტატის პოსტზე, თუმცა ის იმასაც ამბობს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი ცალსახად მისთვის ბოლო საჯარო სამსახური იქნება.
„არ არის პოლიტიკოსობა ის, რაზეც მე ვოცნებობდი. მირჩევნია, რომ ექიმად ვიმუშაო. მე-10 მოწვევა ცალსახად არის ბოლო მოწვევა, როცა მე პარლამენტში, საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში ვარ. (გეგმები) დამოკიდებული იქნება შეჯერებულ პოზიციაზე. საბოლოო ჯამში, ახლა იქნება თუ პარლამენტის ვადის დასრულების შემდეგ, მე მაინც ვფიქრობ, რომ პროფესიას დავუბრუნდები, – განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ დავით სერგეენკო ერთ-ერთია ქართული ოცნების იმ დეპუტატებიდან, რომლებმაც უცხოური აგენტების შესახებ კანონის კენჭისყრაზე ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. სერგეენკო არც კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას დასწრებია, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების კანონპროექტი ჩააგდო.